logo
ENG



"უკრაინის მომავალი NATO-შია" - ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია

11 ივლ 202402:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/11/16dhisz395ijkbt.jpg

ვაშინგტონში გამართული NATO-ს სამიტი დასრულდა, რის შემდეგაც დეკლარაცია გამოქვეყნდა. დოკუმენტში ვრცლადაა საუბარი უკრაინაზე და ნათქვამია, რომ უკრაინის მომავალი NATO-შია. 

აღნიშნულია, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ ევროატლანტიკურ ზონაში მშვიდობა და სტაბილურობა დაარღვია, ასევე, სერიოზულად შეარყია გლობალური უსაფრთხოება. 

"რუსეთი რჩება ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის. ტერორიზმი, ყველა მისი ფორმითა და გამოვლინებით, არის ყველაზე პირდაპირი საფრთხე ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის, საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. საფრთხეები, რომელთა წინაშეც ვდგავართ, არის გლობალური და ერთმანეთთან დაკავშირებული. 

[...] ამ 75-ე საიუბილეო სამიტზე ჩვენ ვდგამთ შემდგომ ნაბიჯებს შეკავებისა და თავდაცვის, ასევე, უკრაინის მიმართ ჩვენი გრძელვადიანი მხარდაჭერის გასაძლიერებლად, რათა მან გაიმარჯვოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში და გააღრავოს NATO-სთან პარტნიორობა", - ვკითხულობთ დეკლარაციაში. 

ნათქვამია, რომ ძლიერი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული უკრაინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური ზონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. NATO მიესალმება მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემას.  

დეკლარაციის თანახმად, ალიანსის წევრი ქვეყნები აპირებენ, უკრაინას, სულ მცირე, 40 მილიონი ევრო გამოუყონ. ამასთან, NATO გეგმავს უზრუნველყოს უკრაინისთვის მექანიზმი (Security Assistance and Training for Ukraine - NSATU), რომელიც ქვეყანას შეიარაღებასა და წვრთნასთან დაკავშირებით კოორდინაციას გაუწევს. 

"ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების მექანიზმები და გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი გარე ჩარევის გარეშე. უკრაინის მომავალი ნატოშია. უკრაინა სულ უფრო მეტად თავსებადი და პოლიტიკურად ინტეგრირებული ხდება ალიანსთან. ჩვენ მივესალმებით იმ კონკრეტულ პროგრესს, რომელსაც უკრაინამ მიაღწია. 

[...] ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ NATO-ში წევრობის მიწვევას უკრაინა მიიღებს მას შემდეგ, რაც ალიანსის წევრები ამ საკითხზე შეთანხმდებიან და შესრულდება პირობები", - წერია დოკუმენტში. 

NATO-ს სამიტი უკრაინის წინააღმდეგ ომში სრულ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს და აღნიშნავს, რომ ის საერთაშორისო სამართალს, მათ შორის გაეროს წესდებას აშკარად არღვევს. დეკლარაციის თანახმად, არცერთი ოფიციალური პირი, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევასა და ომის დანაშაულებზეა პასუხისმგებელი, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. 

რაც შეეხება საქართველოს, ის დეკლარაციაში, წინა წლისგან განსხვავებით, მხოლოდ ერთხელაა ნახსენები და წერია, რომ "ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები მოლდოვიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ მათი თანხმობის გარეშეა განლაგებული". 

 

 

 

 


close დახურვა